Hereti FM

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს

26
Share Button

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა.

გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი აიყვანეს.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე და 126-ე მუხლის პირველი მუხლებით მიმდინარეობს.

სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტებზე თავდასხმას ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ღია ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, თუ ჟურნალისტებზე თავდასხმას რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა, მსგავსი ფაქტები პერმანენტული გახდეს. სამოქალაქო სექტორი ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი