Hereti FM

“რუსთავი 2” სავარაუდოდ მირზა სუბელიანის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს

659
Share Button

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა წუხელ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მაუწყებლის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში საუბრობენ მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი.

“რუსთავი 2″“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ჩანაწერებს ახენებს: „ვინ არი ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია…
რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია.“

ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ თავის დაზღვევის მიზნით აქვს ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს.

“რუსთავი 2”-ით გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ასევე, ამბობს, რომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე მართავს და ახსენებს 50 “ავტომატჩიკს,” რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ გახმაურებული საქმეების გახსნაზე.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდიაზეც და ამბობს, რომ მას იმიტომ არ აპატიმრებენ, რომ “ძირი საქმე დაენგრევათ.”

“მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული”, – ამ განცხადებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა. საუბარია ჩანაწერებზე, სადაც სავარაუდოდო პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანის კომპრომატებზე მას ინფორმაცია ჩანაწერების გავრცელებამდეც ჰქონდა. სარალიძე სუბელიანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ზაზა სარალიძის ხმა ►

ფარულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები კლანურ მმართველობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა ჩანაწერებმა შესაძლოა მირზა სუბელიანს საფრთხე შეუქმნას.

“ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილის, “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის და “რესპუბლიკური” პარტიის პოლიტიკური მდივანის თამარ კორძაიას ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი