მნიშვნელოვანიმსოფლიო

ამერიკელი განგსტერი ციხეში მოკლეს

ვირჯინიის შტატის ფედერალური საპატიმროს საკანში მკვდარი იპოვეს ბოსტონის “ირლანდიური მაფიის” ბოსი, 89 წლის ჯეიმს „უაიტი“ ბალჯერი.

ტელეკომპანია CNN-ი სასჯელაღსრულების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 70-იანი წლების ცნობილი განგსტერი ფლორიდის ციხიდან ვირჯინიის საპატიმროში გადაყვანიდან მეორე დღეს, 30 ოქტომბერს მოკლეს. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, ბალჯერი სასტიკად სცემეს საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა. საქმეს იძიებს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

ჯეიმს ბალჯერი 2011 წელს დააპატიმრეს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-მონიკაში. 2013 წელს სასამართლომ ბალჯერი დამნაშავედ ცნო 11 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობასა და ფულის გამოძალვაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კრიმინალური კარიერის პარალელურად ბალჯერი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი. ჯეიმს ბალჯერის ძმა უილიამი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, დემოკრატიულ პარტიაში ეწეოდა საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას და 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მასაჩუსეტსის შტატის სენატს.

ჯეიმს “უაიტი” ბალჯერი იყო მარტინ სკორსეზეს ფილმის, „გარდაცვლილების“ ერთ-ერთი გმირის, ფრენკ კოსტელოს პროტოტიპი. ეს როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button