Hereti FM

ბიულეტენების თითქმის 100 პროცენტი დათვლილია

74
Share Button

ცესკოს მიერ შეჯამებული და დათვლილია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების თითქმის 100 პროცენტი.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს ხმების 40,44%, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 59,56%. წინასწარი შედეგებით, საქართველოში ზურაბიშვილმა ვაშაძე დაამარცხა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა რუსთავის და თელავისა.

საქართველოში სულ 73 საარჩევნო ოლქია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 4456 ხმა (63.89%). დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 2518-მა ამომრჩეველმა (36.11%).

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს მხარდამჭერებს შეხვდებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება ფილარმონიაში. 28 ნოემბერს ღამით, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მხარდამჭერებთან ერთად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საოლქო კომისიებში შეტანილია 307 საჩივარი. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხება პროცედურულ დარღვევებს, ძირითადი მოთხოვნა კი კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

მიქელაძის ინფორმაციით, რამდენიმე საჩივარი უკავშირდება საარჩევნო უბნებზე მიღებულ შედეგებს. „ხმების ბათილობა 6 შემთხვევაშია მოთხოვნილი, კერძოდ, სიღნაღის ერთ საარჩევნო უბანზე, წყალტუბოს ერთ და მარნეულის სამ საარჩევნო უბანზე, გარდა ამისა, მოთხოვნილია ხულოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ხმების ბათილობა“ – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი