საქართველოსიახლეები

„ვგმობთ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს“

”ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია”, – ამის შესახებ საუბარია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში,რომელიც დღეს გავრცელდა. დოკუმენტში პირველად მოხვდა ოთხოზორია – ტატუნაშვილის სია. საქართველოს მეგობართა ჯგუფი გმობს ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მიმართავს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას. ამ კონტექსტში, მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს.

ამასთან საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. “ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული პატივისცემით. მივესალმებით საქართველოს პროგრესს ქვეყნის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის გაძლიერების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების განმტკიცების, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობებით ვერ სარგებლობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობა. გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სასიკეთო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button