კულტურამოზაიკა

შობა – ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხავდასხვა კუთხეში

ახალი წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენაა. საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია.

ტრადიციის თანახმად, დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება და ჯანმრთელობა მოუტანოს.

გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს:

სამეგრელო

სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“- ს უწოდებენ და მას თოფების სროლით ეგებებიან.

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვ სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“.

გურია

გურულები ახალ წელს აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს, სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.

გურიაში ახალი წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

იმერეთი

იმერეთი საახალწლო სუფრით ერთ–ერთი გამორჩეულია ქვეყნის სხვა კუთხეებისგან. იმერლები ახალ წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სანოვაგით ხვდებიან.

ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს  ლოცვას დაადევნებდა.

აჭარა

აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ.

ხალხის რწმენით წლის პირველი დღე განსაზღვრავდა მთელი წლის იღბლიანობა-უიღბლობას. ამიტომაც აჭარაში ცდილობდნენ ახალი წლის დილით განსაკუთრებით მარჯვედ ყოფილიყვნენ, ხელი არაფერში მოსცარვოდათ, ახალ წელს მაძღრისად შეხვედროდნენ. ამ მიზნით ახალი წლის წინა ღამით ბალიშის ქვეშ მჭადის ლუკმას ამოიდებდნენ. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა გათენებამდე გამოეღვიძა და შენახული მჭადის ლუკმა მამლის ყივილამდე ან ჩიტის პირველ დაძახილამდე შეეჭამა, რათა ფრინველისაგან „დაძლეული“, დამარცხებული არ დარჩენილიყო და მომავალი წელი მისთვის უიღბლო არ გამომდგარიყო.

რაჭა

ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაში. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ანუ მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.

სვანეთი

მეკვლეობის ტრადიცია მნიშვნელოვანია სვანეთშიც. ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო ჭურჭელი) ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს. სვანეთში ახალი წლის ღამეს ძალიან ერიდებიან სტუმრად წასვლას.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები (ხატის მზარეული) ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში,,აბრამიანს” უწოდებენ.

ქართლ კახეთი

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ახალი წლის ღამეს ჩურჩხელებს, ჩირს, ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.

მსგავსი პოსტები

Back to top button