რეგიონისაქართველოსიახლეები

ტყვარჩელში 250 ტონა მანდარინი გადაყარეს

ტყვარჩელის საწარმოში, სახელად „გამარჯვება“, 250 ტონა მანდარინი გადაყარეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის ქართველი და აფხაზ ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს იყო მანდარინი, რომელიც გარკვეული პრობლემების გამო რუსეთში სარეალიზაციოდ ვერ გაიტანეს.

საწარმოს დირექტორის, ომარ ცვიჟბას განმარტებით, საქმე გვაქვს პროდუქციასთან, რომელიც საექსპორტოდ აღარ გამოიყენებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ასეთ მანდარინებს ისინი ყოველწლიურად ყრიან:

„ჩვეულებრივი ისტორიაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ რეალიზება, ეს არის ნარჩენები, არასტანდარტული მანდარინი, რომელიც არ იყიდება. რა თქმა უნდა, გემრიელია, მაგრამ პატარა. ჩვენ ვყიდით საშუალო და დიდი ზომის მანდარინებს, დანარჩენს ვყრით. ასეთი პრაქტიკა ყველა საწარმოს აქვს“.

მიმდინარე წელს საწარმომ 500 ტონა მანდარინი შეაგროვა, თუმცა ნახევრის გადაყრამ მოუწიათ.

თავის მხრივ, „სახელმწიფო“ კომპანიის – „აფხაზეთის პროდუქციის ექსპორტის“ ხელმძღვანელ ამირან ლაგვილავას განმარტებით, მათ დიდი ხანია მსგავსი პროდუქციის გამოუყენებლობის პრობლემა აქვთ. ამიტომაც, ფიქრობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, და მსგავსი ხილიც წვენების, თუ სხვა პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენონ.

„დიდი რაოდენობით იყრება პატარა, არასტანდარტული მანდარინები, რომელიც საწყობებში მექანიკური დაზიანებით მივოიდა. ვსაუბრობთ პროდუქციაზე, რომელიც საექსპორტოდ არ არის განკუთვნილი“, – აღნიშნა მან.

მასალას აფხაზური ვებ გვერდი “აიააირა” ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button