ენერგოომბუდსმენი „ყაზტრანსგაზისგან“ ახსნა-განმარტებას ითხოვს
საქართველოს ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო. ამასთან, ენერგოომბუდსმენი კოპანია “ყაზტრანსგაზისგან” ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
მისი ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თანმიმდევრულად შეისწავლიან კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურებს. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან.
განცხადებაში წერია, რომ ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, “ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო”.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება ერთი ბავშვი.
უბედური შემთხვევის შემდეგ, თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი.
„ყველა, ვინც მოგვმართა, უზრუნველყოფილია საკვებითა და თავშესაფრით. სასტუმროებში გამგეობების თანამშრომლები მორიგეობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ინფრმაციით, აფეთქებული კორპუსიდან საკუთარი ნივთების გამოტანა 46–მა დაზარალებულმა შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.