მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მოყინული გზის გამო, 25 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. უამინდობისა და მოყინული გზის გამო, გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ყველა დაშავებული კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოისმინეთ ექიმის, მამუკა კორინთელის კომენტარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო, მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი, იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button