მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

“არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს – არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა საპრტესტო აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ. მათ უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლა მოითხოვეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მოსამართლეთა სადავო სიის ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დატოვონ თანამდებობები, ხოლო საერთოდ სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. ასევე, პარლამენტმა უნდა დაიწყოს ახალი კრიტერიუმების შემუშავება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი სიის შესადგენად.

იუსტიციის საბჭოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში. მისი თქმით, საზოგადოებას არ სურს ისეთი სასამართლო, როგორიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

მოისმინეთ სულხან სალაძის, ლაშა ტუღუშის და პოეტ რატი ამაღლობელის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button