მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„არც ერთი პარტია“ – 36 %

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?, პასუხები ასე გადანაწილდა: „არც ერთი პარტია“ – 36 %, „ქართული ოცნება“ – 27 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12 %, „უარი პასუხზე“ – 9 %, „არ ვიცი“ 5 %, „ევროპული საქართველო“ – 3 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 %, „სხვა პარტიები“ – 7 %.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის, 44 %-ის აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიები ძირითადად საკუთარ ინტერესებს წარმოადგენენ. 31 % მიიჩნევს, რომ პარტიები „მათი ლიდერის, დამფინანსებლის ინტერესებს“ ატარებენ, 13 % ფიქრობს, რომ „მათნაირი ხალხის ინტერესებს“. ამასთან, 2 %-ის აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიები „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ ატარებენ, 9 %-მა კი „პასუხი არ იცის“.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი – ცუდად, ხოლო 12 პროცენტი -ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ. 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა).

რაც შეეხება ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლა სწორად მოხდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გენერალური პროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ რესპონდენტთა მხოლოდ 1 % აფასებს.

კვლევა ორგანიზაციამ 6-20 დეკემბერს ჩაატარა, გამოკითხა 2200-ზე მეტი პირი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარი 2.1 პროცენტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button