fbpx
Hereti FM

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა

175
Share Button

გურამ მოდბაძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს არ გაწვრთნის. მის მიერ დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ძიუდოს კლუბ „შევარდენი 2005“-ის „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით გაავრცელა. მოდებაძე აღნიშნულ კლუბში 1995 წლიდან მუშაობს. მის განცხადებას, რომლის ავტორადაც თავად გურამ მოდებაძეა მითითებული, უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები როგორც რიგითმა მწვრთნელმა ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ“, – წერია განცხადებაში.

დღესვე, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ძიუდოისტები მიიღო.

დაპირისპირების დასასრულებლად, ძიუდოისტები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. 

დაპირისპირება 2018 წლის აპრილიდან დაიწყო, რაც თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა. პოსტი დატოვა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც.

დაპირისპირება იყო ოსაკას დიდ სლემზეც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის ქალაქ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. Sportall.ge-ს ცნობით, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი