ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის ტერიტორიებს მოითხოვს
მუქარა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ. მთავრობა უკვე აღარ მალავს და საჯაროდ საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ინტერესი ისევ აქვს. განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთ „ნოიეს დოიჩლანდ (Neues Deutschland)”-თან ინტერვიუს დროს გააკეთა, სადაც დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს: თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას, კიდევ ერთხელ, როგორც “აღმოსავლეთ ოსეთი” ისე მოიხსენიებს და ამბობს, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება”.
გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში (Neues Deutschland )” ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუთან დაკავშირებით, საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნულ გამოცემასთან და მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) სტატიებს აქვეყნებს ძირითადად მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხთა ბერლინელი მეგობრების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი.
„რაც შეეხება თავად გამოცემას, „ნოიეს დოიჩლანდი (Neues Deutschland)” გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. სხვადასხვა უწყებების მიერ (Bundeszentrale ფur politische Bildung, Bundesamt fur Verfassungsschutz) იგი მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას“, – აცხადებენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.
საელჩოს ცნობითვე, გაზეთის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით.
„მათში, ძირითადად, გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონიურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ“, – აღნიშნავენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.