მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოზურგეთის მერიამ ასწლოვანი “კანფეტის ხე” გაყიდა

6 თებერვალს, პირობიანი აუქციონის წესით, ოზურგეთის მერიამ მწვანე ნარგავი გაყიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ე.წ. კანფეტის ხე, იგივე ტკბილი ჰოვენია 4620 ლარად გაიყიდა. ხით დაინტერესება მხოლოდ ერთმა ლოტმა გამოთქვა. 4400 ლარად შეფასებული ხე, ერთი ბიჯით 220 ლარიანი ნამატით შეიძინა მომხმარებელმა, რომლის ვინაობა საიტზე მითითებული არ არის.

ხის გასაყიდად, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბრძანება გამოსცა, სადაც წერია, რომ ხის საფასურით, მწვანე ნარგავით დაინტერესებულმა პირმა, დაბა ლაითურში მერიის ადმინისტრაციული შენობა უნდა გაარემონტოს.

კანფეტის ხე ანუ ტკბილი ჰოვენია ფოთოლმცვენი 20- 25 მ სიმაღლის ხეა, სამშობლოა ჩინეთი, კორეა, იაპონია. ყვავილობს ივნისში, ნაყოფი ხმელი აქვს და იჭმევა. უმად, მისი გემო ქიშმიშს წააგავს.

კანფეტის ხის გაყიდვა, მწვანე ნარგავის აუქციონზე გატანის პირველი შემთხვევა არ არის. აჭარაში, ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შემდეგ, რამდენიმე ხე გავიდა აუქციონზე. მწვანე კონცხზეც გაიყიდა აუქციონის წესით ევკალიპტის ხე, რომელიც 14 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა “დმანისის გადარჩენის ფონდმა” 20 020 ლარად შეიძინა. 26 მეტრიანი ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო. მოგვიანებით, პოლიტიკურმა პარტიებმა თანხა ვერ გადაიხადეს და სახელმწიფომ ხე უკან დაიბრუნა, “დმანისის გადარჩენის ფონდმა” კი, სასამართლოს მიმართა.

მწვანე ნარგავების შეძენით საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. მისი ინიციატივით, შეკვეთილში, სავარაუდოდ დენდროლოგიური პარკისთვის აჭარიდან 80-მდე ხე გადაიტანა. ხეები გადაჰქონდათ ზღვითა და საავტომობილო გზით.

მსგავსი პოსტები

Back to top button