„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 საუკეთესოს შორის
ქართველი პედაგოგი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ. ისინი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.
„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს,“ – განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა, სპეციალურ ვიდეოგზავნილში, სადაც მან 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით.
ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ს, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.
“ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს”, – ამ სიტყვებით შეაფასა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლა.