Hereti FM

ქართველ ფეხბურთელებს თურქეთში ქურდობა ბრალდებათ

67
Share Button

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – „ცხინვალის“ ფეხბურთელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე,“ – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

როგორც თურქული მედია იუწყება, ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა.

„სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ“, – წერს თურქული მედია.

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

“ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს.” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ქართლოს რუხაია.

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი