მნიშვნელოვანისაქართველო

GNCC -ის რადიო “ბათუმისთვის” ლიცენზიის მინიჭებაზე ხელახლა იმსჯელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) 4 აპრილს, ხელახლა განიხილავს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დოკუმენტაციას.

ორი ინსტანციის სასამართლომ “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” ჰერეთის დოკუმენტების შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა დაავალა. სასამართლო დავა, რომელიც ჯერ თბილისის საქალაქო, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა.

საქმე ეხება ჩაშლილ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა.

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომა იყო, რადგან ორი წარმატებული მაუწყებელი არათანაბარ პირობებში ჩააყენა. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცელებული სიგნალისთვის, – ცალკე.

კახი ბექაური, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

“სასამართლომ თქვა რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მაუწყებლის შესახებ კანონი დაარღვია. კომისიამ როგორც უნდოდა ისე გაჭრა და გაკერა…უსაფუძვლოდ ჩაშალეს კონკურსი. გავასაჩივრეთ, პირველი ინსტანცია მოვიგეთ, სააპელაციო კი კომისიამ გაასაჩივრა, ისევ მოვიგეთ…ამასობაში გავიდა წელიწადნახევარი. დავკარგეთ დრო რადიო “ბათუმის” მაუწყებლობისთვის აჭარაში. ამ პერიოდში ჩვენ, დამოუკიდებელმა მედიამ, დაახლოებით 100 ათასი ლარის ინვესტიცია და ამდენივე პოტენციური შემოსავალი დავკარგეთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ კვლევაზე, რასაც ხალხი თავად ითხოვდა.ფაქტიბრივად კომისიამ თავისივე კვლევის შედეგები უგულვებელყო” – ამბობს რამაზ სამხარაძე სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორი.


რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის მფლობელი და დირექტორი

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.

ჰერეთი რადიო “ბათუმის” გაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა.

ჰერეთის ინტერესებს ორივე შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button