ევროკავშირი, აშშ და ბრიტანეთი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ

სტიქიური მოვლენების გამო, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირი, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.

“ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. ჩვენი საგანგებო სიტუაციათა კოორდინირების ცენტრი ახლოდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, სტიქიის შედეგების დაძლევაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებაში.

თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო, მწუხარებას გამოთქვამს შეერთებული შტატების საელჩო.

“შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო”, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარდაჭერაზე რიჩარდ ნორლანდი დავით ნარმანიას პირადად ესაუბრა.

ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ელჩის თქმით, ის ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დახმარებაც შესთავაზა.

მსგავსი პოსტები

Back to top button