fbpx
Hereti FM

ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს, ისრაელში საქართველოს საელჩო აფრთხილებს

128
Share Button

2019 წელს, ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით, რომელიც 27 აპრილს, იერუსალიმის ძველ ქალაქში არსებულ მაცხოვრის ტაძარში გაიმართება, ისრაელში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველები უპირობოდ უნდა დაემორჩილონ პოლიციისა და სხვა პირთა მითითებებს, რომელთაც ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება ევალებათ. ასევე, მიმართვაში აღნიშნულია, რომ
აღდგომის პერიოდში, ისრაელი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

,,მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს”, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ძველ ქალაქში დაიკარგა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი