აბიტურიენტთა ნაშრომები, გასწორებამდე, კარანტინში მოთავსდება
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.
მისი განმარტებით, ნაშრომების გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.
„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება.” – განაცხადა გორგოძემ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აბიტურიენტთა გულშემატკივრებს შორის დისტანციის დასაცავად, ხვალიდან პერსონალის მობილიზება მოხდება.
„გიდასტურებთ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტროლდებოდა, ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის დარეგულირება. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია. მეტი პერსონალი იქნება მობილიზებული, რომ გარე პერიმეტრზე დისტანცია გაკონტროლდეს.” – განაცხადა გორგოძემ.
ასევე, სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი, გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.