აჭარის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე მოწმის სტატუსით დაიკითხა

აჭარის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე ბაგრატ მანველიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მანველიძე სასამართლოზე “აკურას ღვინის ქარხნის” ჩამორთმევის საქმეზე დაიბარეს.

ეროვნული ბანკის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ 2004 წელს “საზღვაო ბანკის” გაკოტრების საქმეზე ადეიშვილის და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით თათბირი ჩატარდა.
” პროკურატურიდან დაგვიბარეს მე და ზურაბ ნოღაიდელი თათბირზე, ამ თათბირს ატარებდა ადეიშვილი და მერაბიშვილი. მათ გასცეს ბრძანება, ყველანაირი ხერხით მომხდარიყო “საზღვაო ბანკის” მევალეებისგან თანხის ამოღება, იქნებოდა ეს ვადიანი თუ ვადაგადაცილებული სესხები. ყველანაირი ხერხით, მათ შორის ქონების სახითაც”, – განაცხადა ბაგრატ მანველიძემ.
სასამართლოზე მანველიძემ განაცხადა, რომ ადეიშვილის ბრძანებით ცენტრალურ ბანკში იყო ასლან აბაშიძის ახლობლების თანხებიც, რამდენიმე მილიონი ლარი, რომელიც ფონდებში უნდა გადარიცხულიყო.

მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ამ ჩვენებით არ იკვეთება, რადგან ამ თათბირზე საუბარი იყო მსესხებლების მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

“აკურას ღვინის ქარხნის” მეპატრონეები “საზღვაო ბანკის” კრედიტორები იყვნენ, რომელთაც პროკურატურის მტკიცებით, ქონება იძულებით დაათმობინეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო ამ ქონების ღირებულება აღემატებოდა იმ თანხას, რომელიც სესხის სახით მათ “საზღვაო ბანკიდან” ჰქონდათ გამოტანილი. ამ სესხის გადახდის საბოლოო თარიღი კი 2007 წელი იყო განსაზღვრული.
ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი

მსგავსი პოსტები

Back to top button