ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს.
პარლამენტში გადაწყვეტილებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიცაა.
ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილების მიღებას 19 მარტის პლენარულ სხდომაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტის წევრი ინიშნება სხვა თანამდებობაზე, მას უფლებამოსილება უწყდება პირველივე პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად. მიხეილ სარჯველაძე მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.
2024 წლის 11 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იქნება.
სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია. მისი წინამორბედები იყვნენ:
ზურაბ აზარაშვილი – მინისტრად მუშაობდა 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე;
ეკატერინე ტიკარაძე – ამ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე;
დავით სერგეენკო – იგი მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მუშაობდა მინისტრად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 2019 წლის 18 ივნისამდე.
მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი იმედა ნიკურაძე.