ადეიშვილს 1 წლითა და 6 თვით, მერაბიშვილს კი 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ
აკურის ღვინის ქარხნის მესაკუთრეებისთვის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ადეიშვილს დაუსწრებლად, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა.
ეს ზურაბ ადეიშვილისთვის პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. ადეიშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა კი, კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ბრალდების მიხედვით 2004 წელს ღვინის ქარხნის, “აკურას” უსასყიდლოდ დათმობა სწორედ ადეიშვილმა და მერაბიშვილმა აიძულეს მეპატრონეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს.