მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აეკრძალებათ თუ არა აუცრელ პედაგოგებს საკლასო ოთახში შესვლა

ბაღის აღმზრდელსა თუ აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს, ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

„სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა,  სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის.

„დელტა“ ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა ტაბიძემ.

ექსპერტის განმარტებით, ასევე საყურადღებოა პოსტკოვიდური სინდრომი, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს დაავადება რა გართულებებს გამოიწვევს.

„გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ პოსტკოვიდური სინდრომი ერთ-ერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს“,- ამბობს დევი ტაბიძე.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ და შეასრულონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მსგავსი პოსტები

Back to top button