საქართველოსიახლეები

“აღდგომის დღესასწაულზე იქ წირვა იქნება”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, სადაც მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგია ჩვეულებრივ შესრულდება. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და წირვა-ლოცვა განახლდება. თუმცა, მისივე თქმით, ტაძარში მსახურებას სხვა ეკლესიის მოძღვარი შეასრულებს.

რაც შეეხება სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტირდა, ჯაღმაიძის ინფორმაციით, მან ღვთისმსახურება ხარების დღესასწაულზეც აღასრულა და მიუხედავად იმისა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მსახურება მეორე დღესაც ჩაატარა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკ ჯგუფებშია, ვისაც სახლში რისკ ჯგუფში მყოფი, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს, თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, ფაქტობრივად არავინ არ იყო ტაძარში, მარტო ვიმსახურეო. ალბათ, ამას სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები დაადგენენ. დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში არიან. რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო ეს და ვის ჰქონდა შეხება, შესაბამისი სამსახური ამას გამოიკვლევს. დღეს ან ხვალ უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ტაძარი ახლა დაკეტილია, სრული კარანტინია გამოცხადებული. ეს რამდენიმე დღე დაკეტილი იქნება. შემდეგ სხვა მოძღვარი შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქ წირვა იქნება,“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღესვე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ შეხება, კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. როგორც ჯაღმაიძე წერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა და მას შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია.

„ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“,- წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც დაცვის თანამშრომელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button