აღდგომის ღამე ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში
ალავერდის საკათედრო ტაძარში,სააღდგომო ლიტურგია დილით დასრულდა. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
მრევლის მცირე ნაწილი ტაძარში საკომენდანტო საათის დაწყებამდე მივიდა და მთელი ღამის განმავლობაში მსახურებას ესწრებოდა. მათი ნაწილი ეზოში, ნაწილი კი, ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე იყო განთავსებული.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და საერთო ტრაპეზის ნაცვლად, პასკა და კვერცხი დაურიგა.
თერმოსკრინინგით შემოწმების დროს, მრევლს სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები და ე.წ. ფარები დაურიგდა.
მრევლმა მონასტრის ტერიტორია დილით, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვა.
ღამისთევით სააღდგომო ღვთისმსახურების შემდეგ, გორის ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლი დილის 6 საათამდე დარჩა.
საზეიმო წირვის შემდგომ ყველა მომლოცველს სააღდგომო ნობათი გადაეცა, ატენისა და გორის მიტროპოლიტი რეზიდენციაში არ დაბრუნდა და განთიადს მრევლთან ერთად შეხვდა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო. ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენს. ტაძარში მრევლის წევრები დისტანციის დაცვით, პირბადეებით დგანან.
დიდი ტაძრის გარდა, ლიტურგია წუხელ ღამით ეპარქიის სხვა ტაძრებშიც არ ჩატარებულა, ღვთისმსახურება იქ დილიდან მიმდინარეობს. მრევლის წევრები ტაძრამდე ფეხით მივიდნენ.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და სიტუაციას ტაძრის შესასვლელთან აკონტროლებენ.