აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე და მიკოლაივი დაბომბეს

აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა.
„ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ასევე განადგურდა მიმდებარე შენობები. სპეციალისტებმა ადგილზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს“, – განაცხადა მალაშკომ.
მისი თქმით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქზე შეტევას აგრძელებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და იზრუნონ საკუთარ თავსა და ახლობლებზე.
ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის არეალში მოხვდა მწვანე ზონა. მალაშკოს განცხადებით, მიმდინარეობს აფეთქების ტალღისგან მიყენებული ზიანის აღრიცხვა.
16 აპრილის ღამეს ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი განცხადებით, 02:20 საათზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევის ოლქში, კერძოდ, სნიჰურივკას დასახლებაში, რის შედეგადაც ორი 18 წლის მოზარდი დაიღუპა.
კიმის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და კერძო საწარმო.
კიმის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300-დან.
ამასთან, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 500-ზე მეტი რუსი სამხედრო, ერთი ვერტმფრენი და 4 ტანკი გაანადგურეს.
კამიშევახეში დაზიანდა ადგილობრივი ეკლესია, სადაც წირვა არ მიმდინარეობდა. დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.