მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 396-ე დღე- რუსეთის იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე არ წყდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ავდეევკას საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
“რუსები ავდეევკას დაბომბვას აგრძელებენ. მათ ორ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
22 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული არმია ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
გენშტაბის თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს, ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს და ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 25 მარტს, რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს: ჩრდილოეთით და ქალაქ ჩასოვ იარში. რეგიონში კიდევ 1 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
26 მარტის დილის მდგომარეობით, მტერმა არაერთი სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის რეგიონზე, მათ შორის კრამატორსკზე. რუსებმა ასევე დაბომბეს 15 სახლი ზვანოვკაში და 5 სახლი პერეეზდნოში.

ომის 396-ე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს. 49-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებსა და სასწავლო დაწესებულებებს მოხვდა. დაჭრილია 9 ადგილობრივი.

აგრესორების სამიზნე გახდა ნიკოპოლიც, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირაში შეერთებული შტატებისგან, ლიეტუვისგან, ფინეთისგან და გერმანიისგან თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

“შვედეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მე-11 პაკეტი. უსაფრთხოების პაკეტი და ძლიერი შეთანხმებები გვაქვს იაპონიასთან. მივიღეთ 1,5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან. ხორვატიის მთავრობამ ჩვენი დაჭრილი მეომრების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დამტკიცა. საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ. ისლანდიამ გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს ყველგან, რათა რუსული რევანშიზმი დამარცხდეს უკრაინისა და ზოგადად ერების თავისუფლების წინააღმდეგ.

რუსეთმა უნდა წააგოს ბრძოლის ველზე, ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ისტორიული ჭეშმარიტების ზოგიერთი იმპერიული მითით ჩანაცვლების მცდელობაში. კრემლი წააგებს ჩვენი ხალხის სულიერად დამონების მცდელობაში. სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი დამარცხება იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისების წინააღმდეგ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button