მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

აგვისტოს ომის 12 წლისთავი – გამოხმაურება ამერიკიდან

ამერიკელი კონგრესმენი სტივ ვომაკი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე საგანგებო განცხადებით ეხმაურება. რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ ასეთი ტიპის აგრესიული ქმედებები კრემლმა ევროპაში გააგრძელა.

“ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აშენებენ ძლიერ პარტნიორობას, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმისათვის, რომ დემოკრატია განმტკიცდეს. ყოველ ჯერზე რუსულ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ.” – წერს სტივ ვომაკი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო კი, Twitter-ზე წერს, რომ ანექსია და განაგრძობითი ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრად შეგვახსენებს პარტნიორობის აუცილებლობას ჩვენს დემოკარტიულ მოკავშირეებთან.

კონგრესმენი მიუთითებს, რომ აგრესია არამხოლოდ სამხედრო მოქმედებებით გამოიხატა და რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის საქართველოსადმი მხარდაჭერა მსგავსი შემოტევების პრევენციაზეც უნდა იყოს ფოკუსირებული.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, არახელსაყრელი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს.

მისი თქმით, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

აღნიშნულის შესახებ კონდროლიზა რაისმა „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა, „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ.

„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია.” – განაცხადა რაისმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება.

„ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და მათი უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მე მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო-ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან.” – განაცხადა რაისმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს. მისივე თქმით, შესაძლოა, საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ.

„იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად], რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა.” – განაცხადა რაისმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button