,,აკეთე ის, რაც გსურს“ – მსოფლიოში, თელემას დღე აღინიშნება

10 აპრილს, მსოფლიოს ქვეყნებში ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრების, თელემას მიმდევრები, მათი კანონების წიგნის დაწერის დღეს აღნიშნავენ.
თელემისტური ფილოსოფიური დისკურსის ცენტრში ადამიანის ნება დგას, ხოლო მისი ძირითადი თეზისია – ,,აკეთე ის რაც გსურს”. ეს მოძღვრება მე-16 საუკუნეში გაჩნდა, როცა ის ფრანცისკანელი ბერის, ფრანსუა რაბლეის წიგნ ,,გარგანუა და პანტაგრუელში“ პირველად იქნა ნახსენები.

ფრანსუა რაბლეი
ანალოგიური თეზისი მოქმედებდა მე-18 საუკუნის არისტოკრატიულ კლუბში სახელად ,,ჯოჯოხეთის ცეცხლი“, რომელიც ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ფრენსის დეშუდმა დააარსა. კლუბის შესასვლელში განთავსებული წარწერა, სტუმრებს აუწყებდა, რომ იქ შეეძლოთ ის ეკეთებინათ, რასაც მოისურვებდნენ.

საბოლოოდ, თელემას სისტემატიზაცია კანონთა წიგნის სახით, ბრიტანელმა ოკულტისტმა, ალისტერ კროულიმ მოახდინა, რომლის წიაღშიც, მაგიური ორდენი, „ვერცხლის ვარსკვლავი“ აღმოცენდა.

ალისტერ კროული წერს, რომ ყველა ადამიანს აქვს ,,ჭეშმარიტი ნება“, რომელიც უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში. მისი აზრით, სწორედ ,,ჭეშმარიტი ნების“ მიყოლაა ადამიანის ცხოვრების აზრი.
თანამედროვე თელემისტები, შეზღუდული არ არიან რელიგიური რწმენის მხრივ, თუმცა თელემა მეტწილად, ბუდიზმს ემყარება.