ახალ პრეზიდენტს ქვეყანა სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე იმყოფება, მედიასთან საუბარში ასახელებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დროს – კობახიძის თქმით, ახალ პრეზიდენტს ქვეყანა, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე საკუთარი მტკიცებულებების გასაცნობად ევროკავშირის ელჩს ხვდებიან, კობახიძე ამბობს, რომ „ეს ყველაფერი, რეალურად, ცარიელი პიარია და სინამდვილეში ასეთ ფაქტებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმშია. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა, ცესკომ არ ცნოს მათი წევრების, როგორც პარლამენტის არჩეული წევრების, უფლებამოსილება, სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და ამგვარი ინიციატივები პოლიტიკურ პროცესს ვერ დააზიანებს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.