უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის სამიზნედ რჩება

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის სამიზნედ რჩება.
როგორც კლიჩკომ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, “შემუშავებულია უფრო დეტალური პროგრამა იმისთვის, რომ კიევი აგრესორისგან დაიცვან”.
“კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ. კიევი – გულია. კიევი – დედაქალაქია. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავთვალოთ წინასწარი სცენარები, ყველაზე ცუდი სცენარებიც კი, იმისთვის, რომ თუ ვინმეს მოუნდება კიევს თავს დაესხას, მას ცხვირ-პირში მოვდოთ – სხვა ენით ვერც ვიტყვი.
ახლა ქალაქი დაცულია იმაზე ბევრად კარგად, ვიდრე 1 თვის წინ, ნახევარი წლის წინ და მითუმეტეს 1 წლის წინ იყო. არსებობს კონტროლის სისტემა, ბლოკპოსტების სისტემაც, თანამედროვე შეიარაღება და გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე 1 წლის წინ იყო”, – თქვა კლიჩკომ. ომის 421 დღე უკრაინაში – საღამოს, უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კაშკაშა ნათება უკრაინის დედაქალაქის ცაზე NASA-ს თანამგზავრი ჩამოვარდნის შედეგი იყო. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ჩაირთო, რათა კოსმოსური ხომალდის ნამსხვრევების დაცემის შედეგად მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს კოსმოსურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ NASA-ს მკვდარი თანამგზავრი სატელიტი RHESSI, რომელიც მზეს 2002 წლიდან 2018 წლამდე სწავლობდა, დედამიწაზე რამდენიმე დღეში დაეცემოდა.
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორ რეგიონს მძიმე არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 9 ზონას და საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყა.
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გამოშვებული თითქმის ყველა დრონი ჩამოაგდო. საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის ინფორმაციით, შაჰედის ტიპის 11 დრონიდან 10 უკვე განადგურებულია.
აშშ-მა უკრაინისათვის ახალი, 325 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. პენტაგონის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კიევს საბრძოლო მასალებთან ერთად ასევე ტექნიკურ აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს მიაწვდის.
ავსტრია უკრაინაში მიწების განაღმვის სამუშაოებს უერთდება – ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა.
ოლექსი დანილოვის თქმით, პუტინი ხერსონში არ იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, ეს ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც ცნობილია, რომ პუტინს არაერთი ჰყავს. დანილოვის თქმით, პუტინი “შეშინებული ადამიანია” და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა.