ახალგაზრდა მეწარმეთა სტარტაპებმა უცხოელი ინვესტორებისგან მაღალი შეფასება მიიღეს

თბილისში, აშშ-ს საელჩოში, მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის გამარჯვებულთა წარდგენა და პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელიც დაესწრო. ღონისძიება პირდაპირ ეთერის მეშევობით საქართველოს 8 ქალაქში გადაიცემოდა, სადაც “ამერიკის კუთხეებია“ გახსნილი. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრეზენტაციის ტრანსლაციას და გაცნობოდნენ ასევე ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამას. საელჩოში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა პირადად წარუდგინეს საკუთარი პროექტები ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ შარლოტის ინვესტორების ჯგუფს, რომლებიც პირდაპირი ეთერის მეშვეობით ეცნობოდნენ წარმატებულ სტარტაპებს. ჯამში 6 გამარჯვებული პროექტი წარსდგა აუდიტორიის წინაშე, რომლებმაც მაღალი შეფასება მიიღეს უცხოელი ინვესტორებისგან.

პრეზენტაცია “Yes Georgia“-ს პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ, რომელიც ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ ორგანიზაცია ’PH International-თან თანამშრომლობით და ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. „Yes Georgia“ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. სამ წლიანი პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდა 200-მდე ახალგაზრდის სწავლება და მათ მიერ ბიზნეს პროექტების შემუშავება. პროექტის პირველ ფაზაში ახალგაზრდა მეწარმეების 12 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი საწყისი კაპიტალით დაფინანსდება.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაცია მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 14-20 ნოემბერს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება. მეწარმეობის კვირეულის მიზანია გააჩინოს ადამიანებში მეწარმეობის სურვილი და დააკავშიროს ისინი პოტენციურ პარტნიორებს და ინვესტორებს.

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

მსგავსი პოსტები

Back to top button