ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვეს

ამ უქმეებზე სანკტ-პეტერბურგში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ჩატარდა. ჩვენგან იქ მხოლოდ ბიჭების გუნდი გამოვიდა, 10 კაცის შემადგენლობით, მათი მონაგარი კი 3 მედალია – 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ქურდიანი (81) გახდა, ხოლო მესამეზე დავით გეჯაძე (55) და გურამ ქოსმენაშვილი (+100) გავიდნენ.

დამამშვიდებელში ბექა უდესიანი (66), გიორგი ხმელიძე (73) და ნიკოლოზ სისვაძეც (+100) გადავიდნენ, მაგრამ იქ პირველივე შეხვედრა წააგეს და მეშვიდეზე დარჩნენ.

ამათ გარდა, კვარცხლბეკზე კიდევ სამი ქართველი ავიდა, თუმცა ყველა – სხვა ქვეყნის სახელით: რუსეთიდან მოასპარეზე იაგო აბულაძე 60 კილოგრამში ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ გენკი კოგასთან დამარცხდა. ამავე წონაში ბრინჯაო მოიპოვა თორნიკე ჭკადუამ ჰოლანდიიდან (ქვეჯგუფში აბულაძესთან წააგო), ხოლო გერმანიაში გადასული სანდრო მაქაცარია 90 კილოგრამში მესამეზე გავიდა. თან მაქაცარიამ იესო კვირიკაშვილიც ქვეჯგუფში წმინდად დაგვიმარცხა, მანამდე კი ჩვენებურმა ყირგიზი ტამერლან ისმაილოვი დააიპონა. სანუგეშოში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი იპონი მიითვალა რუს არტემ ბაკალოვთან, მაგრამ ამჯერად უკვე ნამდვილ გერმანელ ედუარდ ტრიპელთან წააგო.

სანკტ-პეტერბურგში მწვრთნელთა იმედები ყველაზე მეტად ქურდიანმა გაამართლა, ვინც ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად მოიგო და მხოლოდ ფინალური პაექრობა იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან დათმო. იქამდე ჩვენმა ფალავანმა ყველა პaექრობა დამაჯერებლად დიდი უპირატესობით მოიგო. მან ფრანგ კრისტ გენგოსა და რუს ტურპალ ტეპკაევს ვაზარით მოუგო, ბრაზილიელი ლუან როდრიგესი და კიდევ ერთი ფრანგი – ადრიენ კოპადო კი პირდაპირ დააიპონა. თუმცა ნახევარფინალში კოპადო იპონამდე ვაზარიზეც დააგდო. ჩვენმა ფალავანმა ფინალიც ასევე იპონით წააგო. კოპადომ ქვეჯგუფში კობა მჭედლიშვილიც დაგვიმარცხა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორ მჭედლიშვილის წაგება ყველაზე უსიამოვნო მარცხია, როგორც ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულისა. მან მხოლოდ ბრაზილიელ ჯოვანი ფერეირას მოუგო და ისიც გაფრთხილებებით, როცა გაცილებით მეტი შეუძლია.

ქვეჯგუფი გეჯაძემაც მოიგო, ვინც პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი წმინდად დაამარცხა რუსები – რუსტამ ზაბოლოტნი ბეჭებზე დააგდო, ხოლო ალი პაფოვს ორი ვაზარი აართვა. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც აზერბაიჯანელთა მომავალი ჩემპიონის, ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგებ ნატიკ გურბანლის ბარიერი ვერ გადალახა – სუფთად დამარცხდა. სამაგიეროდ, მისი ჯავრი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეორე აზერბაიჯანელზე – კარამატ ჰუსეინოვზე იყარა, ვისაც გაფრთხილებებით მოუგო.

ჩვენთვის საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მძიმე წონაში. მოგეხსენებათ, ამ წონაში წინა – საბერძნეთის ტურნირზე კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველები იდგნენ, ფინალში კი ქოსმენაშვილი საქართველოს ჩემპიონ ნიკოლოზ სისვაძესთან დამარცხდა. სისვაძის გამოსვლა ახლაც დიდ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ის რუსულ ბარიერს ვერ გადაახტა, რადგან ყველა პაექრობა იქაურებთან ჩაატარა – პირველივე ბრძოლა წააგო ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ფინალისტ ინალ ტასოევთან, ვისთანაც სამივე სინჯის გდება გაუშვა; მერე დამამშვიდებელში ალექსანდრ ბეგმეტოვი კი დააიპონა, მაგრამ ბოლოს წმინდად წააგო ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ტამერლან ბაშაევთან.

ქოსმენაშვილი ქვეჯგუფში ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა ჰოლანდიელ ხურ სპიხკერსთან, მანამდე კი ესტონელი ტანელ კაროო გააბითურა – იუკოც აართვა, ვაზარიც, ბოლოს კი დააიპონა. დამამშვიდებელში ჩვენმა ფალავანმა რუსები გააბითურა – ბატირ შაკიროვი ვაზარით დაამარცხა, მიხაილ ჩერკასოვს ასევე სამივე სინჯის გდება ჩაუტარა, კემალ კაიტოვი კი იუკოთი დაამარცხა. რაც ყველაზე საყურადღებოა, ამ ბრძოლებში დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობის მაგალითი გვაჩვენა, როცა რუსებიც კი შებოჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button