მნიშვნელოვანისაქართველო

ახალგაზრდების გაძლიერებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები/Save the Children“ 2018 წელს  საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახალი პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოავლინოს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონის გამომწვევი მიზეზები და მათივე ჩართულობითა და გაძლიერებით წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრაში. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს “სამოქალაქო ინიციატივა-Civic Initiative” -ან აცნობეს.

საქართველოში ყოველი მესამე ახალგაზრდა უმუშევარია, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და თავად ამ ახალგაზრდების სამომავლო განვითარების შესაძლებლობაზე.

„გადავარჩინოთ ბავშვების“ დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაცია „დეპას“ მიერ ოთხ რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და შიდა ქართლი) ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის თანახმად ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უშლის ის რომ მათ ნაკლებად აქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის, საქმიანობის სფეროს სწორად არჩევის, ინიციატივის გამოვლენის, იდეის საქმედ ქცევის უნარები.

„გადავარჩინოთ ბავშვებმა“ შეარჩია 10 ორგანიზაცია, რომლებიც სამიზნე რეგიონებში მუშაობენ და ასწავლა მათ ახალგაზრდებთან იმ უნარების განვითარებაზე მუშაობა, რომლებიც ჩატარებული კვლევის თანახმად, მათ ყველაზე მეტად აკლიათ.  ეს ათი ორგანიზაცია შეძლებს „გადავარჩინოთ ბავშვების“ დაკვეთით პროფესიონალთა მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამების გამოყენებით, ტრანსვერსალური (დასაქმებისათვის საჭირო) უნარები ასწავლოს მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ იპოვონ სამუშაო, მუდმივად იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე. ეს უნარები ახალგაზრდებს დაეხმარება, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები საკუთარი საქმის დასაწყებად ან უკეთესად დაგეგმონ თვითდასაქმების შესაძლებლობები, დაიწყონ იმ შესაძლებლობების მოძიება, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

კახეთის რეგიონში დასაქმებისთვის საჭირო უნარებთან დაკავშირებულ ტრენინგებს ჩაატარებენ ორგანიზაცია „ცოდნის კაფე“ და „თუშეთის განვითარების ფონდი“

“გადავარჩინოთ ბავშვების” პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული პროექტი სომხეთსა და უკრაინაშიც მიმდინარეობს. საქართველოში „გადავარჩინოთ ბავშვების“ პარტნიორს წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

პროექტის „უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში,  „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიზნად ისახავს, შეიქმნას ახალგაზრდების ეროვნული ქსელი, რომელიც ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ თავისი საქმიანობა საქართველოში 1993 წლიდან დაიწყო. გასული 25 წლის მანძილზე, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობისა და მისი გაძლიერების გზით, ორგანიზაციის მთავარი სამიზნე იყო ბავშვების, მათი ოჯახებისა და თემების მხარდაჭერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button