ახალგორის მოსახლეობის პროტესტი

ახალგორის მოსახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნას და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას მოითხოვს რომელიც 2019 წლის შემდეგ ჩაკეტილია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხს მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ადგილობრივებმა არსებული სიტუაცია გააპროტესტეს და ბიბილოვს ქართულად მიმართეს.
“86-ე წელს ვამთავრებ. მომეხმარეთ, გამაგებინეთ რა დავაშავე?! “ტამოჟნიაზე” შემოვედი, 10 000 გადამახდევინეს და აღარ მიშვებენ, რომ ოპერაცია გავიკეთო. მომეცით საშუალება, ჩავიდე, გავიკეთო ოპერაცია, დავბრუნდები და მკვდარიც თქვენი ვიქნები და ცოცხალიც”,– ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქე.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტების საკითხზე ანატოლი ბიბილოვმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარი საქართველოს უკანონო ქმედებების გამო ჩაიკეტა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტოს.
“სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია და უმუშევრად არ დარჩებიან”, – თქვა ე.წ. პრეზიდენტმა.
ანატოლი ბიბილოვი შეეცადა, ახალგორის მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ თბილისთან შედარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პირობები უკეთესია.