2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომი არ მოხდებოდა-ოცნება მშვიდობის გაანტიაა

2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა – ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
მისივე თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე, არა თუ პროგრესი იქნებოდა შესაძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა.
„რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.
მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის РИА Новости და Радио Sputnik, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს აგვისტოს ომზე, რომელიც დღეს მან ‘ოცნების” ყრილობაზე გააკეთა, რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებენ.
“საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს შეეძლო თავიდან აეცილებინა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი 2008 წელს, თუ სათავეში მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად მისი პოლიტიკური პარტია და პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა”, – ასე იწყებს პუბლიკაციას ერთ-ერთი სამთავრობო გამოცემა.
გამოცემები ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს თითქმის იდენტურად ციტირებენ და მისი კომენტარის გასამყარებლად, რუსეთ-საქართველოს ომის საკუთარ, პროპაგანდისტულ ვერსიას გვთავაზობენ. ისინი წერენ, რომ “2008 წლის ომი 8 აგვისტოს ღამეს საქართველომ დაიწყო”. ცხინვალის მოსახლეობა კი “რუსეთმა დაიცვა.”