მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებას ეშინია რომ პრეზიდენტის ვიზიტი და განცხადებები დააზიანებს სწრაფვას EU-ის სტატუსის მიღებისკენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სრული უფლება, არ მისცეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა ბრიუსელში ვიზიტზე.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს სწრაფვას EU-ის სტატუსის მიღებისკენ. კობახიძის თქმით, “უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისთვის”.

“პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი შედარება, სრულებით სპეკულაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს, უბრალოდ, დასანანია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.

ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტის შენობაში, როცა ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს, არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის დამაზიანებელი განცხადებები, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისათვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. დანარჩენი მთავრობის პრეროგატივაა, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტს უფლებას, გაემგზავროს რომელიმე სხვა ქვეყანაში”, – ამბობს კობახიძე.

ეს ერთგვარი წუხილი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხანდახან ქვეყნის შიგნით, შიდა აუდიტორიისთვის აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენთვის ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ კი მიუღებელიცაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამხარაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად არის შესაძლებელი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული ინტერესები ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააზიანოს.

აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს შიში, ზურაბიშვილის მიერ ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, კითხვის ნიშნები არსებობს იმის გამო, რომ ზურაბიშვილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ქართული აუდიტორიისთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებს.

“არ მსმენია, რომ მას ასეთი განცხადება ქვეყნის გარეთ გაეკეთებინოს და დიდი იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს. თუმცა, კითხვის ნიშნები რომ არსებობს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის შიგნით ხანდახან გაუგებარ განცხადებებს აკეთებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პარლამენტის მისამართით, რომელიც ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველდღიურად მუშაობს იმ თემებზე, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებას ეხება.

ასე რომ, ჩემთვის ერთის მხრივ შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც პრეზიდენტი ასე მოიხსენიებს პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს და ვისურვებდი, რომ ის ბევრად უფრო კონსტრუქციული იყოს ამ მიმართულებით და დააფასოს ის შრომა, რომელსაც პარლამენტი სწევს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა სამხარაძემ.

მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღია თანხმობა.

“ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა, ყველა წინა შემთხვევაში, როცა მას ეს მოთხოვნა ჰქონდა გაგზავნილი, მთავრობამ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. წინა შემთხვევაშიც, თუ გახსოვთ ასე მოხდა, როცა მას დაგეგმილი ჰქონდა ევროპარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა, მაშინ მთავრობამ მყისიერად გასცა თანხმობა, თუმცა მერე თვითონვე არ წავიდა. ეს კითხვა ალბათ უფრო მთავრობის ადმინისტრაციას უნდა დაუსვათ, თუმცა, მე არ მახსოვს, როდესმე მისთვის საზღვარგარეთ ვიზიტი აეკრძალოთ,” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და მიუთითებს, რომ მათ მთავრობას 27 აპრილს მიმართეს.

“15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილს ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი “მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი” იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button