სააკაშვილი დედაქალაქში კოალიციურ მმართველობას მხარდაჭერას უცხადებს

მიხეილ სააკაშვილი თბილისში კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს. გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კოალიციური გუნდის კანდიდატურების წარდგენას ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს „ოცნების” რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ფეისბუკზე”, მის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებენ.
თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.