მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა ისრაელს თავდაცვის “უპრეცედენტო” დახმარების პაკეტი გამოუყოს

ჯო ბაიდენი თელ-ავივშ ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის “უპრეცედენტო” დახმარების პაკეტი გამოუყოს. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს ძალიან მჭიდროდ თქვენს ხელმძღვანელობასთან, შეტევის პირველივე წუთებიდან. ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ ისრაელს ჰქონოდა სამხედრო უპირატესობა და ახლა ვთხოვ ამერიკის კონგრესს, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რათა ისრაელის ცა იყოს დაცული. აქტიურად მივაწვდით ასევე იარაღს ისრაელს და ჩვენი სამხედრო ხომალდები შემოდიან ისრაელის ნაპირებთან, რათა მოხდეს ამ კონფლიქტის გაფართოების შეჩერება. ჩვენ ვიცით, მსოფლიომ იცის, რომ ისრაელი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ნებისმიერი მტერი, რომელიც იფიქრებს ისრაელზე თავდასხმას – არ გააკეთოთ ეს!”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თელ-ავივშ ჩავიდა. აეროპორტში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ბაიდენი ასევე ჩავა იორდანიაში, სადაც მაქვს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იორდანიის მეფესთან და ეგვიპტის პრეზიდენტთან. ბაიდენი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხის განხილვას აპირევბს.

აშშ-ის ლიდერი გეგმავდა პალესტინის პრეზიდენტთანაც შეხვედრას, თუმცა ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა.

ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის ვიზიტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას, როცა თქვენ თქვენი ხალხის დასაცავად მუშაობთ. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან და მთელი რეგიონის გარშემო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მეტი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ”, – თქვა მან.

ამასთან, ისრაელში ვიზიტის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ “სხვა ჯგუფმა” მიიტანა. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ისაუბრა და მათ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.

BBC-ის ცნობით, ჰამასმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს მიანიჭა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც “სამხედრო დანაშაული”.

ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას და აღნიშნავენ, რომ “საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე”. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.

დღეს, 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციონერ ბენი განცთან ერთიანი საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 12 ოქტომბერს კი გადაწყვეტილებას მხარი ისრაელის ქნესეთმაც დაუჭირა.

ცნობილია, რომ ე.წ. ომის კაბინეტი განცის მოთხოვნით ჩამოყალიბდა და მასში განცთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი შევლენ. კაბინეტის დანიშნულება ჰამასთან ომის გაკონტროლება და მისი წარმართვაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button