მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ათ დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის რეგიონის ზემო ნაწილს დაიკავებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ათ დასახლებულ პუნქტთან.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა დონეცკისა და ხერსონის ოლქებში და ქალაქ ნიკოლაევში. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს და არტილერიას.

გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 30-ზე მეტი დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 22 ადგილის, საბრძოლო მასალების 5 საწყობის და 9 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი, ბომბდამშენი სუ-24 და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობითვე, დაზუსტებულია, რომ ბოლო დღეებში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში გაანადგურეს დაახლოებით 110 რუსი სამხედრო და 5 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ამაგრებენ თავდაცვით პოზიციებს და ნაღმავენ ტერიტორიას, სადაც პოტენციური უკან დახევისთვის ტოვებენ პატარა გასასვლელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსეთი განაგრძობს ევაკუაციას ქალაქ ხერსონიდან, საიდანაც უკვე გაიყვანეს ყველა ბანკის და საოკუპაციო ადმინისტრაციის პერსონალი და ევაკუაციას ექვემდებარებიან ე.წ. ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალიც. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ოკუპირებულ ხერსონში შეწყვეტილია სკოლების დაფინანსება.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის რეგიონის ზემო ნაწილს დაიკავებენ.

“რუსების პოზიცია ხერსონის ოლქის ზემო ნაწილში არასტაბილურია და უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის რეგიონის ზემო ნაწილს დაიბრუნებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან.

ბუდანოვის ინფორმაციით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის რეგიონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button