“კაბალური საპენსიო სესხების განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე” – “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო პროგრამა წარადგინა

“ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 21 ოქტომბერს წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა.
თინა ბოკუჩავა ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “უმოკლეს ვადებში” გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე:
“საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდ ევროს საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის”.
გარდა ამისა, ოპოზიციური კოალიცია ამომრჩეველს საპენსიო სესხების განულება:
კაბალური საპენსიო სესხების განულება 1-ელ დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები პენსიონერებს, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიების ეტაპობრივი ზრდა , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
სოფო ჯაფარიძემ პროგრამის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომლებსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰპირდება.
“მოგესალმებით, გამარჯვებამდე ზუსტად ხუთი დღით ადრე. მეგობრებო, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, გვაქვს უკანასკნელი შანსი, რომ მოვიშოროთ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება, ისეთი, როგორსაც ისინი რეალურად იმსახურებენ. მე ყოველდღიურად მიწევს პენსიონერებთან შეხვედრა და უმძიმესია ის ყოფა, ის რეალობა, რომლის წინაშეც ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დააყენა. რეალურად, მათ ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთებას საკვებსა და მედიკამენტებს შორის, ასევე, უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხები.
“ქართულმა ოცნებამ” შექმნა გარემო, რომელშიც ბანკებს აქვთ საშუალება, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდონ ჩვენი უძვირფასესი პენსიონერები, მაგრამ ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1 -ელ დეკემბრამდე, თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები. გპირდებით, რომ ზამთარს შეხვდებით ამ კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხების გარეშე და გექნებათ ღირსეული, მშვიდი სიბერე, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი საპენსიო რეფორმა არ ითვალისწინებს მხოლოდ საპენსიო სესხების განულებას, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდიან დახმარებას, რაზეც უკვე ისაუბრეს თინამ, გიორგიმ და სხვებმა და ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის უდიდესი მხარდაჭერა, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ თქვენი პენსია 1000 ლარამდე.
გარდა ასაკობრივი პენსიისა, აუცილებლად გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, გაიზრდება ომის ვეტერანთა პენსია, ცვლილებები პირველ ეტაპზე დაეტყობა ასაკობრივ პენსიას და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია ბედნიერება ჯანმრთელობის დაცვის გარეშე. “ქართული ოცნების” მავნებლურმა მიდგომებმა შეძლო ის, რომ დღეს უამრავი ჩვენი მოქალაქე ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას. ჩვენ გპირდებით: როგორც კი მოვიშორებთ ქართულ ოცნებას, ყველა პენსიონერს ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი ექნება უფასოდ”, – დასძინა ჯაფარიძემ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ეს არის უმნიშნველოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში.
„ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ ვირჩევთ ან კეთილდღეობას ევროპაში, ან სიღატაკეს იზოლაციაში. მე მჯერა, რომ ხუთიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ამ არჩევნებზე, ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე. წინ, გამარჯვებისკენ, რომლის მიღწევამდეც ხუთი დღე დარჩა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოქალაქეებს, ასევე “ფასების მაფიის დასრულებას” ჰპირდება, რადგან “ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი [ბიძინა] ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად”.
თინა ბოკუჩავამ ემიგრანტებსაც მიმართა და მათ დაჰპირდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი მათი საქართველოში დაბრუნების მიზნით შეიქმნება.
“უმუშევრობის ფონზე ადამიანებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, ამიტომ ჩვენ შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი საქართველოში დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ ადამიანებს კეთილდღეობის შანსი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.