რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი
ომის 241-ე დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი – ჩარივნე და ჩკალოვე:ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას.
ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები, ხოლო ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი ევაკუირებულია ბერისლავიდან.” ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში
უწყების ინფორმაციით, ხერსონში გაზრდილია ძარცვის ფაქტები. ოკუპანტები ადგილობრივებს მანქანებს ართმევენ იმისთვის, რომ ქალაქიდან გაიქცნენ.
უკრაინის ცნობით, განსაკუთრებით გაზრდილია რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების რიცხვი ქალაქ ხერსონში, სადაც ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის მანქანებს იპარავს და ტერიტორიის დატოვებას ანტონოვსკის ხიდის გადასასვლელით ცდილობენ.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული დანაყოფები განაგრძობენ დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ტერიტორიის დატოვებას. იმავდროულად გახშირდა მაროდიორობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვის შემთხვევები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვეს ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები და ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია მოხდა ბერისლავიდან“ – აცხადებს გენშტაბი.
რუსეთმა უკრაინის მხრიდან საფრთხის საბაბით ევაკუაცია გამოაცხადა – რა ხდება ხერსონში?
ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.
მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ “სამხედრო ოპერაციის” ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, “რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ”.
მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.
„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ – განაცხადა ვლადიმირ სალდომ.
ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.
უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.
20 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და მასზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავენ.
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, მიიღონ პრევენციული ზომები და ოკუპანტებს ცხადად უთხრან, რომ ამგვარი ტერაქტი მასობრივი ნგრევის იარაღის გამოყენებას გაუტოლდება, რასაც რუსეთისთვის “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”.
რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლმა ვლადიმერ ლეონტეივმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რეზერვუარიდან წყალს უშვებენ, რათა სადგურზე თავდასხმის შემთხვევაში შეამცირონ სავარაუდო ზიანი.