მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა არალეგიტიმური ხელისუფლების პრორუსულ ნაბიჯებს აპროტესტებენ.

ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებულ ჯებირს უბრახუნებენ და სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს!”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები. აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

გასულ ღამეს დარბევის შემდეგ, გამთენიისას აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძე-მელიქიშვილის კვეთაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ამ დროისთვის, მელიქიშვილზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა “პირველი არხის” შენობასთან გადაინაცვლა, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მთავარი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

უცვლელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრების მოტივაციაც – აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დღეს პოლიტიკურ ლიდერებს დაეთმოთ პირდაპირ ეთერი, ასევე, გენერალური დირექტორის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას.

ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

მათივე განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს.

“ხედავთ, საქართველოს ყველა კუთხეში გამოსული არიან მოქალაქეები და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ერთად ყოფნა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ძალიან ცოტა დრო დარჩა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ისინი ვერ წავლენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ვალდებული იქნებიან, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხი მოვიგოთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button