რეგიონისაქართველოსიახლეები

მოკრძალებული “გვირილობა” ქუთაისში

წელს პირველად, ქუთაისი გვირილობის დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, “გვირილობის” დღესასწაულზე მცირე მასშტაბის რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

გავრცელდა მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის მიმართვა.
„ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს “გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ “გვირილობა”. – აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ქალაქის დღესასწაული ქუთაისელებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემაც მიულოცა. ბაგრატის ტაძარში ეპარქიის წინამძღოლმა ქალაქი დალოცა და პარაკლისი გადაიხადა.

“ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ. ვულოცავ ყველა ქუთაისელს დღევანდელ დღეს. ნელ-ნელა მეც ვხდები ქუთაისელი”. – განაცხადა მეუფე იოანემ. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას გასული წლის ივნისიდან, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობს. საზეიმოდ დარეკეს ზარებიც. მიტროპოლიტმა გუშინ მრევლს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ, რის გამოც, ტაძარში მრევლის სიმცირე იყო.

“გვირილობის“აღსანიშნავად, მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი. მერიაში აცხადებენ, რომ გამოთავისუფლებული თანხა, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად, გვირილობის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართებოდა.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button