მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს,,-ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს. ამის შესახებ მან უნგრულ ონლაინგამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და ამის ნაცვლად სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან, რადგან უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

„ევროკავშირი ემზადება საშინელი შეცდომის დასაშვებად და ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ეს, თუნდაც 26 წევრს სურდეს ამ შეცდომის დაშვება. თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა არა – წევრობა“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.

“მთავრობის პოზიცია ამჟამად არის ის, რომ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში მოჰყვება არაპროგნოზირებადი შედეგები. უკრაინის სწრაფი გაწევრიანება არ ემსახურება არც უნგრეთის, არც ევროკავშირის ინტერესებს. ვითვალისწინებ რა ციფრებს, ეკონომიკურ ანალიზს და სერიოზულ მიდგომას, რომ მოლაპარაკებები მიმართული იქნება წევრობის მინიჭებისკენ. ვერ გამოვიყენებთ ამას პოლიტიკურ ჟესტად, რადგან წევრობა არ არის ამ მიზნისთვის. მაგრამ თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს წევრობაზე, უნდა ვუთხრათ, რომ ეს აზრი მოცემულ მომენტში არის აბსურდული, სასაცილო და არასერიოზული და უნგრეთის მთავრობა არ აპირებს, რომ მას მხარი დაუჭიროს”, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

უცხოურ მედიას უნგრეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია უნგრეთისთვის გამოყოფილ და გაყინულ, ჯამში 30 მილიარდის ღირებულების აქტივებს განბლოკავს, შესაძლოა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთმა არ დაბლოკოს.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

თუ ევროკავშირი არ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ბლოკადის გამო, ეს ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“უნგრეთის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის ბლოკირებას. ეს ფაქტია. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ. შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია, რომ არ მივცეთ რომელიმე ქვეყანას საშუალება, დაბლოკოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. რუსეთმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვერ მოახერხეს ვერცერთი სოფლის ოკუპირება. აღარაფერს ვამბობ ქალაქებზე, რის გამოც დაიწყო თანამშრომლობა და ზეწოლა სხვა ქვეყნებზე. ამიტომ, თუკი ახლა არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო” აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე. ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.

ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, EU-ს გაფართოების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button