მოსწავლეებით სავარაუდო ტრეფიკინგი ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს,გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი,რომელმაც ბავშვები ე. წ. “შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო. იგი მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი იყო.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაკა შენგელიამ დაწერა.
“განათლების_მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო ამ პანდემიის დროს ერთერთი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გაკვეთილის საათებში წაიყვანეს და მერიის საპირფარეშო ახეხვინეს, ამ ფაქტში მონაწილე ადამიანები დღეს ისე არხეინად დადიან ქალაქში თითქოს არც არაფერი მომხდარა. ველოდები ფაქტზე რეაგირებას, სულ მცირე მერისგან ბოდიშის მოხდას მშობლების და ბავშვების წინაშე. განათლების სამინისტროს რეაგირებას და ყველა იმ პირის რეაქციას ვისაც ეს საკითხი ეხება.”,-წერს შენგელია.
ამბავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გამოეხმაურნენ, ისინი ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ.
რაც შეეხება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლს ნონა თოდუას განმარტებით, ის გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და მზადაა დღესვე დაწეროს განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.
„ჩვენთან სკოლაში მოვიდა მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელიეეთერ ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უნდა წაეყვანა მერიაში დასასუფთავებლად. ჩემი შეცდომა ისაა, რომ მე არ გადავამოწმე ეს ფაქტი და ბრმად ვენდე ეთერ ჯაფარიძეს, შემთხვევითი პრინციპით შეირჩა მე-7 კლასი და ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ წაიყვანა ქალბატონმა ეთერმა მერიაში. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს მივხვდი თუ რაში იყო საქმე“ – ამბობს თოდუა.
სკოლის მომსწავლე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კლასიდან 10 ბავშვი წავიდა, მათ ჯერ ფანჯრები გაწმინდეს და შემდეგ საპირფარეშოში შევიდნენ, რაც ბოლომდე ვერ დაასრულეს.
” მერიის დასუფთავების ყოფილ თანამშრომელს ეთერ ჯაფარიძეს მერიაში ხელშეკრულება გასული წლის 31 დეკემბერს შეუწყდა, ამის შესახებ ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს.
„რა თქმა უნდა ფაქტს ვგმობ, დაწყებულია მოკვლევა და ყველა კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს“- ამბობს იგი. შსს-ს ცნობით ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ს 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.
თავად ეთერ ჯაფარიძე მედიასთან ამბობს, რომ სხვა მიზნები არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მიჩვეულიყვნენ შრომას.
როგორც რადიო “თბილისს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.