მნიშვნელოვანისაქართველო

ბოიკოტი “რუსთავი 2”-ს და საპატრიარქოსთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა

საქართველოს საპატრიარქომ სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტოს ურთიერთობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგახანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად ,,რუსთავი 2”-მა გამოხატა.“

საპატრიარქოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა „სიცრუის ტირაჟირების“ გამო, „რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა, სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა.“

საპატრიარქოს შეფასებითვე, მსგავსი ქმედებების მიზანია „საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ეკლესია – პრორუსულ ძალად.“ ამავე განცხადების თანახმად, „ეკლესია ქრისტეს სხეულია და არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც პროდასავლურთან.“

საპატრიარქოს შეფასებით, „რუსთავი 2“-ის „გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“ და „თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება.“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, აცხადებს, რომ „შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ.

არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.

“ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, „არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტანაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.“

საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა. „სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები. ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები’ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.“

„მთელი პასუხისმგებლობა თუ რუსთავი 2-ის რომელიმე თანამშრომელზე, მათ შორის გიორგი გაბუნიაზე, რაიმე ძალადობრივი ქმედება განხორციელდება, დღეიდან საქართველოს საპატრიარქოს ეკისრება” – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

ის გამოეხმაურა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ იობის ქადაგებას, სადაც მან გიორგი გაბუნია დაწყევლა და საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას „რუსთავი 2“-ის ბოიკოტირებისკენ.

ნიკა გვარამიას სჯერა, რომ საპატრიარქოს ამ განცხადების უკან ილია მეორე არ დგას და ის საქმის კურსში არ არის, რა განცხადებებს ავრცელებს ინსტიტუცია.

“საქართველოს საპატრიარქოს შიგნით არსებული დაჯგუფება იქცევა სრულიად სამარცხვინოდ, ვგულისხმობ მათ, ვინც საპატრიარქოს სახელით გამოდის და ლაპარაკობს, იობი სწორედ მათ შორის არის. სწორედ საპატრიარქო მეუფე იობის ქმედებებით, დღევანდელი განცხადებებით აღვივებს საშიშროებასაც ადამიანთა ანგარიშსწორების თვალსაზრისით“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი განმარტებით, „რუსთავი 2“-ის პოზიციაა, რომ გიორგი გაბუნიას ეთიკის არც ერთი სტანდარტი არ დაურღვევია.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში “არჩევანი,” რომელიც ეძღვნებოდა კანონპროექტს “კულტურის შესახებ,“ კერძოდ, სასამართლოს მიერ გარკვეულ შემთხვევებში შემოქმედებითი ნაწარმოებების შესაძლო აკრძალვას, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მხატვრის, ლია უკლებას სტუმრობისას მაყურებელს წარუდგინა მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით.”

მსგავსი პოსტები

Back to top button