შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს-მელია

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მელია აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა და შიგნით ამხელა კონსოლიდაცია არასდროს ყოფილა. ნიკა მელიას თქმით, ახლა ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.
„მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო…
გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა, 48% ავიღეო ან 60%-იო. რეალურად, ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი, რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.
ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ.
ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.
მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო, მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა. 5% და 6%, 8%, 10% არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით; ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს, ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;
ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ, პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.
მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“, – წერს ნიკა მელია.
კოალიცია ცვლილებისთვის გუშინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ფაქტებით დაადასტურებენ “ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”.
“არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა; არავინ, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ ამ არჩევნებს არ აღიარებს; ჩვენ ფაქტებით დავადასტურებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების მოპარვას”, – წერია განცხადებაში.
გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს – ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არაფერი დასრულებული არ არის და არავის მისცემენ უფლებას ქართველი ხალხის არჩევანი მოიპაროს.
„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის მიუღებელია, შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს! გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქისა და ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას! ასევე მათი უფლებების დაცვას, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ევროატლანტიკური სივრცეს არჩევს, ამას არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში! ეს არ მოხდება! ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, ჩვენს ვდგავართ სიმართლისა და გამჭვირვალობის მხარეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, გუშინდელი არჩვები მიუღებელია, ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა.
არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის, ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და არავის, არ არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ მას, ეს არ გაუვა. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხალხის გვერდში დგას, არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, რომ ვინმეს გავუთეთროთ ჩვენი ხალხისთვის მოპარული და წართმეული უფლებები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად – 51,9%.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.