მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქოლერა და ტიფი – მიწისძვრის შემდეგ თურქეთი და სირია ახალი კატასტროფის მოლოდინში არიან

ქოლერა და ტიფი – მიწისძვრის შემდეგ თურქეთი და სირია ახალი კატასტროფის მოლოდინში არიან. ინფექციური დაავადებები სტიქიის ზონებში იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდებოდნენ. ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ცხედრები, საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, გახრწნას იწყებენ, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელებას ხელს უწყობს.

მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ესაჭიროება. სტიქიის შედეგად დაინგრა კლინიკები და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სანიტარული ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დაბინძურებული წყალია. ჯანდაცვის ექსპერტები ბავშვებში რესპირატორული და ნაწლავური დაავადებების გავრცელებას ვარაუდობენ.
მიუხედავად მოსალოდნელი დაავადებებისა თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრიდან მეათე დღესაც მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნას მაინც ახერხებენ. ჰათაის პროვინციაში ქალისა და მისი 2 შვილის, ქალაქ ანთაქიაში კი – ერთი მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა.

ამავე დროს თურქმა სამართალდამცველებმა დამატებით 15 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ დიარბაქირში ჩამონგრეულ შენობებთან კავშირი ჰქონდათ. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

თურქეთში ჩავიდა იენს სტოლტენბერგი. ნატოს გენერალური მდივანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მხარდაჭერას დაპირდა.

საქართველოდან თურქეთში უკვე ჩავიდა მორიგი სამაშველო ჯგუფი. 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩაერთვება. უკვე თურქეთშია საქართველოდან გაგზავნილი 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან ამისთვის მილიონი ლარი გამოიყო. დახმარებას ადგილზე დახვდნენ თურქეთის მხარის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი თურქეთში.

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 42 000-ს აჭარბებს. მსხვერპლისა და ზარალის შედეგების დათვლასთან ერთად, თურქეთის სამართალდამცავი უწყებები შენობების მდგრადობაზე პასუხისმგებელ პირებს აკავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button